ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა სკოლის მოსწავლეებისთვის, 2016-2017 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი გამოაცხადა. ინოვაციის კონკურსის მიზანია, გამოავლინოს სამი საუკეთესო გუნდი საქართველოს მასშტაბით, რომლებიც წარმოადგენენ პროექტებს ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო სფეროში, ხოლო პირველ ადგილზე გასული გუნდი, 2017 წლის აპრილში, გაემგზავრება NASA-ში, აშშ–ში.
კონკურსი ემსახურება ახალგაზრდებში ინოვაციური იდეებისა და პროექტების განხორციელების წახალისებას საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების სფეროში. კონკურსის ერთ-ერთი მიზანია გამარჯვებულების დაკავშირება წარმატებულ მეცნიერებთან და კერძო სექტორთან. წელს, კერძო სექტორთან პარტნიორობის ფარგლებში, კონკურსის მეგობარი გახდა კომპანია ჯეოსელი.
კონკურსში მონაწილე მოსწავლე დაბადებული უნდა იყოს 1998 წლის 2 აპრილიდან - 2004 წლის 1 აპრილის ჩათვლით; მონაწილეობის მისაღებად გუნდს შეუძლია, წარმოადგინოს პროექტი შემდეგი საკონკურსე კატეგორიიდან ერთ-ერთში: კოსმოსი და ავიაცია; ჯანდაცვა და კვება; კიბერტექნოლოგიები და უსაფრთხოება; გარემოს დაცვა, ენერგეტიკა და კლიმატის ცვლილება; მობილური ტექნოლოგიები და აპლიკაციები. აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 18 ოქტომბერი.
კონკურსი ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ აშშ-ის საელჩოს და კომპანია ჯეოსელის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი უკვე ორჯერ, 2014-15 და 2015 - 16 წლებში განხორციელდა და მასში მონაწილეობა მიიღო 153-მა გუნდმა საქართველოს ცხრა რეგიონიდან. გამარჯვებულმა გუნდებმა „მულტიკლიმატიზატორი“ და „სოლარი“ მონაწილეობა მიიღეს, აშშ-ში, კონრადის ფონდის ინოვაციების სამიტში, ნასას კენედის ცენტრში, ფლორიდაში.