ვაკის პარკში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, რიგით მეხუთე სამეცნიერო პიკნიკი გაიმართა. ღონისძიება წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა.
სამეცნიერო პიკნიკი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, 2012 წლიდან ყოველწლირად ღია ცის ქვეშ ტარდება და მისი მიზანია მეცნიერების პოპულარიზაცია. პიკნიკის მთავარი ამოცანაა სახალისო ფორმით წარმოაჩინოს თანამედროვე მეცნიერების მიღწევები, განსაკუთრებით - საბუნებისმეტყველო დისციპლინებში. ღონისძიება უპირველესად განკუთვნილია სკოლის ასაკის მოზარდებისთვის, თუმცა საინტერესოა ნებისმიერი ასაკის ადამიანებისთვისაც.
2016 წლის სამეცნიერო პიკნიკში მონაწილეობა მიიღეს სამეცნიერო ჯგუფებმა როგორც საქართველოდან, ისე უცხოეთიდან (პოლონეთი, ისრაელი). მათ ვაკის პარკში სპეციალურად გაშლილ 50 კარავში საინტერესო ექსპერიმენტები ჩაატარეს და ინტერაქციული გამოფენები წარმოადგინეს.
სცენაზე დილის 12:00 საათიდან - 20:00 საათამდე შთამბეჭდავი სამეცნიერო შოუ წარმოგვიდგინეს სხვადასხვა სამეცნიერო ჯგუფებმა, მათ შორის, ისრაელიდან სამეცნიერო შოუების ცნობილმა ანიმატორმა დოქტორ მოლეკულამ და კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრმა. 20:00 საათიდან კი სცენაზე გაიმართება კონცერტი The Jetbird-ისა და Trash Box-ის და ილიაუნის პირველკურსელების მონაწილეობით.