საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინიტროს გენერალური მდივნის მოადგილეს და ერთობლივი პროექტის „ინკლუზიური განათლების დანერგვა საქართველოს პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემაში“ ნორვეგიელ ლიდერს შეხვდა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ნორვეგიასა და საქართველოს შორის ინკლუზიური პროფესიული განათლების სფეროში განხორციელებული საქმიანობის შეჯამება.
ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტრო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან 2006 წლიდან თანამშრომლობს საგანმანათლებლო სისტემაში ინკლუზიური განათლების დანერგვის პროცესში. ნორვეგიელი პარტნიორების მხარდაჭერით, საფუძველი ჩაეყარა ინკლუზიურ განათლებას საჯარო სკოლებში, 2013 წლიდან კი ინკლუზიური განათლება ინერგება პროფესიული განათლების სისტემაში.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში განიხილეს საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში მიმდინარე ინკლუზიური პროფესიული განათლების პროცესი, მიღწევები და გამოწვევები და ასევე სამომავლო გეგმები და ინკლუზიური პროფესიული განათლების მდგრადობის საკითხი.
2013 წლის შემოდგომის მიღებიდან დღემდე პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხა 510 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) სტუდენტი. პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარეობს სსსმ პირების უზრუნველყოფა სწავლებისათვის საჭირო დამატებითი სპეციალისტების მომსახურებით და სხვადასხვა მატერიალური რესურსებით: სსსმ სტუდენტების პროფესიული განათლების პროცესში ჩართულია 20 ინკლუზიური განათლების სპეციალისტი და სსსმ პირის ასისტენტი, რომელიც სასწავლო პროცესში პედაგოგებს დახმარებას უწევს ინდივიდუალური მიდგომების განხორცილებაში. სსსმ პირთა განათლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის პროფესიულ სასწავლებელში ჩარიცხულ ყველა ყრუ სტუდენტს ემსახურება ჟესტური ენის თარჯიმანი, ხოლო მხედველობის დარღვევის მქონე სტუდენტებს კი მობილობისა და ორიენტაციის ტრენერები. ასევე ხორციელდება სპეციალური ასისტენტების მომსახურება ინტელექტუალური და/ან მძიმე ფიზიკური შეზღუდვის მქონე სტუდენტებისთვის და ფიზიკური შეზღუდვის მქონე სტუდენტებს ემსახურებათ პირადი ასისტენტი, რომელიც ასევე მათ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.
ინკლუზიური პროფესიული განათლების პროცესის შინაარსობრივი მონიტორინგი ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მულტიდისციპინური გუნდის 5 წევრის მიერ, რომელიც კონკრეტულად ემსახურება ინკლუზიური პროფესიული განათლების პროცესის შეუფერხებელ წარმართვას.
პროექტის ფარგლებში დაინერგა ინოვაცია - უნივერსალური დიზაინის კონცეფცია, რომლის მიხედვითაც შეიქმნა ინფრასტრუქტურული პროექტები და მიმდინარეობს 3 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ადაპტაცია უნივერსალური დიზაინის პრინციპების გათვალისწინებით და 2 პროფესიულ სასწავლებელში მიმდინარეობს სამუშაოები.
ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინიტროს ჩართულობით დაიწყო მოლაპარაკება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროსა და სოციალური მომსახურების სააგენტოსთან შეზღუდული შესაძლებლობისა და სსსმ პირთა დასაქმების სხვადასხვა სერვისების შექმნისა და პილოტირების თაობაზე. 2016 წელს სოციალური მომსახურეობის სააგენტოს მიერ დასაქმდნენ მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტები. პროექტის ფარგლებში შემუშავდა მხარდაჭერითი დასაქმების კოორდინატორისა და კონსულტანტის სამუშაო აღწერილობები, ითარგმნა ევროკავშირის მხარდაჭერითი დასაქმების ინსტრუმენტი. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უზრუნველყოფს მეთოდოლოგიურ მხარდაჭერას შშმ და სსსმ პირთა დასაქმების სერვისების განსავითარებლად.
ინკლუზიური პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფისთვის ხორციელდება პროფესიული განათლების მასწავლებელთა კომპეტენციის ამაღლება სწავლების დიფერენცირებული მიდგომების გამოყენების საკითხებში, რაც უმნიშვნელოვანესია განსხვავებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტებისთვის პროფესიული განათლების მიწოდებისას. დაინერგა ინკლუზიურ განათლებაში ჩართულ სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლების და გაძლიერების მექანიზმი. კერძოდ მასწავლებლის სახლის მიერ შეიქმნა სპეციფიური საგანმანათლებლო კურსები სპეციალისტთა და დაინტერესებულ პირთა მოსამზადებლად და/ან გასაძლიერებლად.
ნორვეგიელი დელეგაციის მიერ დადებითად იქნა შეფასებული საქართველოში ინკლუზიური პროფესიული განათლების პროცესი, აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგმული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლების უზრუნველყოფის მიმართულებით და მომავალი წლების პრიორიტეტი სწორედ ინკლუზიური განათლების ხარისხის გაზრდა და მეტი რესურსის მობილიზება უნდა გახდეს.