საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ფულბრაითის (Fulbright) პროგრამის ევროპული ბიუროს ხელმძღვანელს სახელმწიფო დეპარტამენტში მიქაელა აიოვინს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ამერიკის საელჩოს კულტურის ატაშე დემიენ უომპლერი, განათლების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ჭელიძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე. ფულბრაითის პროგრამის ფარგლებში შემდგომი თანამშრომლობის მემორანდუმი დაიდო პრემიერ მინისტრთან არსებულ განათლების საერთაშორისო ცენტრთან, რომლითაც ფულბრაიტის პროგრამა კიდევ უფრო ფართოვდება.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ფულბრაითის ფარგლებში არსებული წარმატებული თანამშრომლობა და დასახეს სამომავლო გეგმები.
“საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ 2013 წლის 15 აპრილს ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმი სტუდენტებისა და მეცნიერ-მკვლევარებისათვის განკუთვნილი „ფულბრაიტის (Fulbright) აკადემიური გაცვლითი პროგრამის” ფარგლებში არსებული კავშირების განმტკიცებას და გაძლიერებას გულისხმობს. მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს მონაწილე მხარეთა მიერ ფინანსური მხარდაჭერის გაწევას „ფულბრაიტის“ პროგრამაში ქართველი მაგისტრანტი სტუდენტებისთვის სტიპენდიების უზრუნველყოფის მიზნით.