საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, რექტორთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გახსნა. სხდომაში რექტორთა საბჭოს წევრი სახელმწიფო და კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა ხელმძღვანელები იღებდნენ მონაწილეობას.
ელექტრონულ საინფორმაციო პორტალთან დაკავშირებით ვრცელი მოხსენება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გააკეთა, მინისტრმა ასევე წარმოადგინა მოსაზრებები დაფინანსების სისტემის განვითარების საჭიროებების ელექტრონული და დისტანციური სწავლების განვითარების პერსპექტივებისა და მეცნიერებისა და ინოვაციების 2017 წლის ფესტივალის ფორმატთან დაკავშირებით.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ახალი სტანდარტები განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ სანიკიძემ წარმოადგინა, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ კვლევებსა და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე ისაუბრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ვალერიან გობრონიძემ.
რექტორთა საბჭო წლის განმავლობაში რამდენჯერმე იკრიბება და ერთობლივად განიხილავს უმაღლესი განათლების განვითარების მიმართულებით არსებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხს, ხდება მოსაზრებების შეჯერება და მიიღება ერთობლივი გადაწყვეტილებები.