საქართველოს მასშტაბით პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს. რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებით და ასევე, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების პოპულარიზაციის მიზნით, ახალციხის, ზუგდიდის, სენაკის, მცხეთისა და კახეთის სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებლებში ღია კარის დღე გაიმართა.
პროფესიული განათლების მიღების მსურველებს პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გაეროს განვითარების პროგრამის, საქართველოს ფერმერთა ასოციაციისა და კოლეჯის პარტნიორი დამსაქმებელი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მიაწოდეს.
პროფესიული განათლების სივრცეში არსებული საგანმანათლებლო პროგრამების მრავალფეროვნების მიუხედავად, განათლების ახალი მოდელი–სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების დუალური პროგრამები შემუშავდა. წელს პირველად, ახალი მოდელის პილოტირება სოფლის მეურნეობის სფეროში ხორციელდება.
იმისათვის, რომ პროფესიული განათლების მიღების მსურველმა შეძლოს პროგრამაში მონაწილეობა, საჭიროა მან გაიაროს რეგისტრაცია პროფესიულ სასწავლებელში, საინფორმაციო ცენტრში ან მიმართოს საგანმანათლებლო რესურსცენტრს.
რეგისტრაციის პროცესი 3 ოქტომბერს დაიწყო და 16 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ არჩევანი 150–ზე მეტი პროფესიული პროგრამიდან სასურველ პროგრამაზე გააკეთონ.