პროფესიული განათლების მიღების მსურველებს კიდევ 2 დღის განმავლობაში, საშუალება აქვთ დარეგისტრირდნენ 150-ზე მეტ პროფესიულ პროგრამაზე და მიიღონ განათლება უფასოდ, სახელმწიფო დაფინანსებით. რეგისტრაცია 3 ოქტომბერს დაიწყო და 16 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება და შესაძლებელია შაბათ-კვირასაც, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში რესურს ცენტრებსა და საინფორმაციო ცენტრებში, მხოლოდ პირადობის მოწმობით. სახელმწიფო პროფესიული სასწავლებლებში მიღება ხდება 50-მდე ახალ მოდულურ პროგრამაზეც, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, დამსაქმებლის ჩართულობით იქნა შემუშავებული. ასევე, წელს პირველად, გამოცხადდა მიღება მეცხოველეობის, მეხილეობისა და მეღვინეობის მიმართულებით სამუშაოზე დაფუძნებული (დუალური) სწავლების ფორმატის პროგრამებზე, სადაც დამსაქმებლები პირველად ჩაერთვებიან მომავალი სტუდენტების შერჩევის და სწავლების პროცესში და უზრუნველყოფენ სტიპენდიას.
შეძღუდული შესაძლებლობისა და/ან სსსმ პირებისათვის მოქმედებს ალტერნატიული ჩარიცხვის პროცედურები. არაქართულენოვან მოსახლეობას შეუძლია პროფესიული ტესტირების სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენაზე გავლა, შემდეგ კი დაეუფლებიან ქართულ ენას და გააგრძელებენ სწავლას პროფესიულ პროგრამებზე.
ასაკისა და პროგრამების არჩევანი შეზღუდული არ არის.
რეგისტრაცია სრულდება კვირას, დღის ბოლოს.
პროფესიული ტესტირების შედეგების მიხედვით, პროფესიული განათლება უფასოა სახელმწიფოს მიერ ან მონაწილეობით დაფუძნებულ სასწავლებლებში.