შეგახსენებთ, დარეგისტრირებულ პროფესიული განათლების მიღების მსურველ პირთა პროფესიული ტესტირება დანიშნული იყო 30 ოქტომბერს. ვინაიდან, არჩევნების მეორე ტურის დანიშვნა დაემთხვა ტესტირების ჩატარების თარიღს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, პროფესიული ტესტირება ჩატარდეს 29 ოქტომბერს, ნაცვლად 30 ოქტომბრისა.
შეგახსენებთ, რომ პროფესიულ ტესტირებაზე გამოცხადება სავალდებულოა, რადგან სახელმწიფო დაფინანსებით, სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებში უფასო განათლების მიღების შესაძლებლობა მიეცემათ სწორედ იმ აპლიკანტებს, რომლებიც ტესტირებისას გადალახავენ მინიმალური კომპეტენციის ზღვარს.
ასევე გაცნობებთ, რომ პროფესიული ტესტირების წინა დღეს, 28 ოქტომბერს, ჩატარდება საცდელი ტესტირება, აპლიკანტებს საშუალება ექნებათ ყოველგვარი შეფასების გარეშე ივარჯიშონ და მოსინჯონ საკუთარი ძალები. ყველას ვურჩევთ, აუცილებლად გამოცხადდეს და გაიაროს საცდელი ტესტირება.
პროფესიულ პროგრამებზე დარეგისტრირებული პირები მიიღებენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს (sms-ებს) საგამოცდო ბარათების შესახებ, რომლებიც გაიცემა პროფესიულ კოლეჯებში, პროფესიული პროგრამების განმახორციელებელ უმაღლეს სასწავლებლებში, საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და საინფორმაციო ცენტრებში.
ბარათზე მითითებული იქნება: საგამოცდო ცენტრის მისამართი, ინფორმაცია პრესცენტრის შესახებ და სხვა დეტალები
ბარათის მისაღებად თან იქონიეთ: სარეგისტრაციო ფურცელი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, პროფესიული ტესტირება ჩატარდება 29 ოქტომბერს, სავარჯიშო ტესტირება კი 28 ოქტომბერს, გისურვებთ წარმატებას!