საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ,,ტურინის პროცესის“ რეგიონულ კონფერენციას მასპინძლობს, რომლის ფარგლებშიც საქართველოში ჩამოსული არიან ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივაში ჩართული ქვეყნების წარმომადგენლები. ვინაიდან აღმოსავლეთ პარტნიორობა არის ევროკავშირის პასუხი აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყნებში არსებულ გამოწვევებსა და სურვილებზე, ,,ტურინის პროცესი“ აფასებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პროგრესს პროფესიული განათლების რეფორმირების კუთხით და აყალიბებს რეკომენდაციებს შემდგომი პოლიტიკის მხარდაჭერისათვის.
2016 წლის ანალიტიკურ ანგარიშში აისახა საქართველოს პროფესიული განათლების სფეროში განხორციელებული მასშტაბური ცვლილებები. კონფერენციის ფარგლებში, ქართულ მხარეს შესაძლებლობა აქვს, მიღწეული შედეგები გაუზიაროს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს და მათგანაც მიიღოს ინფორმაცია წარმატებული რეფორმების შესახებ. ,,ტურინის პროცესი“ ამ თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რადგან ითვალისწინებს გამოცდილებისა და წარმატებული მაგალითების გაზიარების პრაქტიკას.