სტუდენტების მცირე ჯგუფს, რომელიც უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით რადიკალური ფორმებით გამოხატავს პროტესტს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, ისევე როგორც თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ თანამშრომლობის ყველანაირი ფორმატი შესთავაზა.
ამასთან, ცალსახად განვმარტავთ, რომ პრემიერ მინისტრის მიერ სტუდენტებისთვის მიცემულ ყველა პირობაზე დაუყოვნებლივ დაიწყო აქტიური მუშაობა. დასმული საკითხების ნაწილი მყისიერად იქნა მოგვარებული, ხოლო ნაწილზე მიმდინარეობს მუშაობა.
აქვე უნდა განვაცხადოთ, რომ განათლების სამინისტრო კვლავ გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, დაინტერესებულ სტუდენტებთან თანამშრომლობის კონსტრუქციულ რეჟიმში გაგრძელებასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ სტუდენტების მიერ წამოყენებული საკითხების შესწავლის და მათზე რეაგირების მიზნით, რამდენიმე თვის წინ, სამინისტროში შეიქმნა განათლების განვითარების პლატფორმა, რომლის მუშაობაში სტუდენტები აქტიურად იყვნენ ჩართულნი. მოგვიანებით, თსუ-ში დამატებით შეიქმნა სტრატეგიული განვითარების ჯგუფი, რომელიც ასევე ღიაა სტუდენტებისთვის და სადაც სწორედ მათთვის საინტერესო საკითხები განიხილება. კერძოდ, გარე რეფერირების ხელშეწყობის მექანიზმების დანერგვა, სტუდენტური საცხოვრებლის მოწესრიგება, უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები.
სამინისტრო სტუდენტებთან, თსუ-ს ადმინისტრაციასთან, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტთან ერთად სტუდენტების ნებისმიერი ჯგუფის მიერ დაყენებული საკითხების მოგვარებისკენ მომავალშიც ქმედით ნაბიჯებს გადადგამს.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო თხოვნით მიმართავს ყველა სტუდენტს, ნუ შეუშლიან ხელს სასწავლო პროცესს და დაინტერესებულ ჯგუფებს მშვიდობიანი დიალოგისკენ მოუწოდებს.