საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამაზ მარსაგიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და ამ საელჩოსთან არსებული სამოქალაქო სამხედრო მხარდაჭერის მექანიზმის (Civil Military Support Element (CMSE)) წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე აღინიშნა ამერიკული ორგანიზაციების (USAID, CDC) როლი საქართველოსთვის პრიორიტეტულ სფეროებში. მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს სამოქალაქო სამხედრო მხარდაჭერის პროექტს, საქართველოს რიგ სკოლებში გაწეული სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის და გამოხატა მზადყოფნა, სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებასთან დაკავშირებით. მხარეებმა ასევე მიმოიხილეს ამერიკასა და საქართველოს შორის განათლების ყველა საფეხურზე თანამშრომლობის მიმართულებები და ის სამომავლო პროექტები, რომელიც პრიორიტეტულია ორივე ქვეყნისთვის.
შეხვედრას ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოდან ესწრებოდა პროგრამის „ჯორჯიის შტატი საქართველოსთვის - ქვეყნებს შორის პარტნიორობა“ დირექტორი, ვიცე პოლკოვნიკი ჯეისონ ელინგტონი.