EU4Business ინიციატივის ფარგლებში, თემაზე - პროფესიული კვალიფიკაციები მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებისთვის საქართველოში, სტრატეგიული სემინარი გაიმართა.
სემინარის ორგანიზატორი იყო ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარე პროექტი „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“, რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამა „კერძო სექტორის განვითარება სამხრეთ კავკასიაში“ ახორციელებს.
სემინარი მიზნად ისახავდა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების მე-4 თავის - ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე (DCFTA) - ეფექტური განხორციელებისათვის ბიზნეს-სექტორისათვის საჭირო ადამიანური რესურსების მომზადების აქტუალური საკითხების წარმოჩენასა და ამ კუთხით სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების, მათ შორის, უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ტრენინგ- პროვაიდერების თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვას.
სემინარს დაესწრნენ სამთავრობო უწყებების, საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების, ბიზნეს-წრეების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები. შეხვედრაზე განხორციელდა არსებული გამოცდილებისა და საუკეთესო ადგილობრივი თუ საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება.
სემინარში მონაწილეობა მიიღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ. GIZ-ისა და ევროკავშირის სახელით მონაწილეებს მიესალმნენ GIZ-ის „კერძო სექტორის განვითარება სამხრეთ კავკასიაში“ პროგრამის დირექტორი მარიტა რიდელი და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ატაშე ვაჭრობისა და კერძო სექტორის განვითარების საკითხებში ფრანჩესკა მაძუკო.