საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის პრიორიტეტულ მიმართულებად არის განსაზღვრული მეწარმეობის უნარ - ჩვევების განვითარება საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა და პროფესიული განათლების სტუდენტთა შორის. პროექტის „ინკლუზიური განათლების დანერგვა საქართველოს პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემაში“ ფარგლებში დაგეგმილია მეწარმეობის სწავლების ხელშემწყობი აქტივობები ზოგადი და პროფესიული განათლების საფეხურზე. კერძოდ, დაიწყო „მეწარმეობის კლუბის“ პილოტირება სკოლისა და პროფესიული განათლების საფეხურზე. აღნიშნული აქტივობის შესახებ გაიმართა სამუშაო შეხვედრა, სადაც სამინისტროს კონტრაქტორმა ორგანიზაციამ „საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია“ წარმოადგინა „მეწარმეობის კლუბის“ მიმდინარე პროცესები.
„მეწარმეობის კლუბის“ ფორმირება სასწავლო პროცესისთვის ექსტრალურიკულური სასწავლო აქტივობის დამატებაა, იმისათვის რომ სტუდენტებმა და მოსწავლეებმა რეალურად გამოსცადონ ბიზნეს იდეის ჩამოყალიბების, კომპანიის დაარსების, საქმიანობის წამოწყების, აწყობის, მართვის და ლიკვიდაციის პროცესი. ექსტრაკურიკულური აქტივობები ხორციელდება შესაბამისი გამოცდილების მქონე კონსულტანტის ფასილიტაციით. კონსულტანტი უზრუნველყოფს შემუშავებული სასწავლო გეგმის მიხედვით სტუდენტური და მოსწავლეთა ჯგუფებისთვის მეგზურობის გაწევას პროცესის ყველა ეტაპზე. თითოეულ სასწავლებელში აქტივობაში ჩართულია პროფესიული განათლების და საჯარო სკოლის მინიმუმ ერთი მასწავლებელი, რომლებიც იძენენ კომპეტენციას და მომავალში შესძლებენ მსგავსი ექსტრაკურიკულური აქტივობების დამოუკიდებელ განხორციელებას.
აღნიშნული სასწავლო აქტივობა ხორციელდება სამ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში („მერმისი“; „გლდანის პროფესიული გადამზადების ცენტრი“; „მოდუსი“) და პანკისის ხეობის ჯოყოლოს, ბირკიანის, ომალოს სამ საჯარო სკოლაში.
„მეწარმეობის კლუბის“ პილოტირების შედეგად მოხდება კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავება, თუ როგორ არის შესაძლებელი განათლების ყველა საფეხურზე მეწარმეობის კომპონენტის ეფექტური ინტეგრირება.