საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ სტუდენტებს სწავლის საფასურს დაუფინანსებს.
მიმდინარე 2016-2017 სასწავლო წელს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო შესაბამისი მუნიციპალიტეტების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დაახლოებით 800 სტუდენტს დააფინანსებს.
სტუდენტთა ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის განკარგულებით ხორციელდება და გულისხმობს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული იმ სტუდენტების დაფინანსებას, რომლებიც ჩარიცხულნი არიან აკადემიური უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგისა და მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე.
პროგრამის მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენენ სტუდენტები, რომელთა ოჯახებმაც რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის გადმოწევის, მავთულხლართების გავლებისა და სხვა ბარიერების აღმართვის შედეგად მიიღეს ქონებრივი ზიანი და რომლებიც სწავლობენ ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე. მნიშვნელოვანია, რომ პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება და მიზანი ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლაში ხელშეწყობა და ფინანსური მხარდაჭერაა.