განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა პროფესიული რეფორმის მნიშვნელოვანი ეტაპის შედეგების შეჯამების, არსებულ გამოწვევებზე რეაგირების და რეფორმის სამომავლო ნაბიჯების განხილვის მიზნით შეხვედრა გამართა იმ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებთან, რომლებიც მოდულურ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხნენ.
შეხვედრის მიზანი იყო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტებისგან ინფორმაციის მიღება მოდულური და დუალური პროგრამების დანერგვის მიმდინარეობის შესახებ. ასევე, პროგრამების ფარგლებში სტუდენტთა მიღწევების, საუკეთესო პრაქტიკის გამოვლენა და ინფორმაციის ურთიერთგაზიარება. მოდულურ პროგრამებზე ჩარიცხულმა სტუდენტებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები საკუთარი გამოცდილების შესახებ.
შეხვედრაზე მისულ სტუმრებს, მიეცათ საშუალება დაეთვალიერებინათ სწავლების პროცესში შექმნილი ნამუშევრები. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები. პროფესიული განათლების რეფორმის ფარგლებში მოდულური საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა 2015 წლიდან დაიწყო. მიმდინარე წლიდან კი დუალური სწავლების მიდგომებით პროფესიული პროგრამების პილოტირება ხორციელდება. დუალური სწავლება გერმანული პროფესიული განათლების მოდელია, რომელიც შრომით ბაზარზე პრაქტიკულად მორგებულ მიდგომას წარმოადგენს და დამსაქმებლის მონაწილეობით პარალელურ რეჟიმში თეორიული და პრაქტიკული ცოდნა-უნარების შეძენის საშუალებას იძლევა, რაც უმოკლესი გზაა დასაქმებისთვის.