საქართველოს პარლამენტმა მოახდინა ჰორიზონტი 2020 პროგრამაში ჩვენი ქვეყნის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება და საქართველო პროგრამის სრულუფლებიანი ასოცირებული ქვეყანა გახდა.
საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევით, 2016 წლის 1 იანვრიდან ქართველ მონაწილეებს ჰორიზონტი 2020-ის პროგრამაში, შეთანხმების რატიფიცირებამდე, დროებით ასოცირებული წევრის სტატუსით შეეძლოთ მონაწილეობის მიღება.
ჰორიზონტი 2020 პროგრამაში, ასოცირებული ქვეყნის სტატუსი ქართველ მეცნიერებს, მკვლევარებს და ინოვატორებს, ასევე, საქართველოში დაფუძნებულ იურიდიულ პირებს (უნივერსიტეტები, კვლევითი დაწესებულებები, მცირე და საშუალო საწარმოები, კვლევებზე ორიენტირებული ინდუსტრია, არასამთავრობო ორგანიზაციები, ბიზნეს კომპანიები, ფონდები, სამთავრობო დაწესებულებები და ა.შ.) აძლევს უფლებას, იგივე პირობებით და უფლებებით ისარგებლონ, რითაც სარგებლობენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები. ჰორიზონტი 2020-ის კონკურსებში გამარჯვების შემთხვევაში, ქართულ კვლევით და ინოვაციურ ორგანიზაციებს შეეძლებათ მოიზიდონ ასი ათასობით ევროს საგრანტო დაფინანსება, განახორციელონ კვლევები საქართველოში, უმასპინძლონ დამწყებ თუ გამოცდილ მკვლევარებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, ხორცი შეასხან სამეცნიერო და ინოვაციურ იდეებს და გააძლიერონ კვლევითი ცენტრები საქართველოში.