საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებითა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დახმარებით, საქართველოში არსებული 14 სახელმწიფო პროფესიული სასწავლებლის ბაზაზე, სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია ”ფაბლაბი” მოეწყო.
ოფიციალური გახსნის ცერემონია თბილისში პროფესიულ კოლეჯში „მერმისი“ გაიმართა. „ფაბლაბი“ დაათვალიერეს და სტუდენტებს შეხვდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია და მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი.
„ფაბლაბები“ ასევე გაიხსნა რეგიონებში (წალენჯიხა, მესტია, გურჯაანი, ახალციხე, ბათუმი, ქობულეთი, ქუთაისი, ფოთი, რუსთავი, ამბროლაური) მდებარე პროფესიულ კოლეჯებში. აღნიშნული ლაბორატორიები გახდებიან საქართველოს ფაბლაბების ქსელის წევრები.
სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია არის უნიკალური სივრცე, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე კომპიუტერებით, პროგრამირებადი დანადგარებით, როგორიც არის ლაზერული მჭრელი, 3D პრინტერი, CNC პროგრამირებადი ჩარხი და სხვა. საერთო ჯამში პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებს საშუალება მიეცემათ სასწავლებელში მიღებული ცოდნის დახმარებით შექმნან პრაქტიკული ნამუშევრები და პროდუქტები, რომლის შემდგომ კომერციალიზაციასაც მოახდენენ.
სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის - „ფაბლაბი” პროექტი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ 2014 წელს დაიწყო, პირველი ლაბორატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაარსდა, რის შემდეგაც სააგენტომ თბილისის მერიასა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად, საქართველოს მასშტაბით 22 ლაბორატორიის ფორმირება მოახდინა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებით სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებლებში 14 ფაბლაბის ერთდროულად გახსნა უპრეცედენტო შემთხვევაა მთლიანად რეგიონში. ამ ფაქტის შემდეგ საქართველო მსოფლიო ფაბლაბების რეიტინგში, ლაბორატორიების რაოდენობის მიხედვით მე-10 ადგილზე ინაცვლებს.