14.01.2010
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის 198-ე საჯარო სკოლას ეწვია. სკოლაში 150 მოსწავლე სწავლობს, მათგან 90% სპეციალური საჭიროების მქონეა, 10% - სოციალურად დაუცველი. მოსწავლეებმა მინისტრს თავიანთი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა დაათვალიერებინეს და რამდენიმე საკონცერტო ნომერი აჩვენეს. ღონისძიების ფარგლებში დიმიტრი შაშკინმა ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადასცა და სკოლის 40-მდე პედაგოგს შეხვდა.
198-ე საჯარო სკოლის პედაგოგები ბავშვებთან ინდივიდუალური სასწავლო გეგმით მუშაობენ, ისინი თავად ახდენენ სასწავლო მასალის ადაპტაციას და ქმნიან გამარტივებულ ტექსტებს. სკოლას შემუშავებული აქვს საკუთარი ტრენინგ-მოდულები, რომლებსაც უტარებენ საჯარო სკოლის მასწავლებლებს. სკოლა ცდილობს იყოს ღია ტიპის, ამზადებს ბავშვებს არასპეციალიზირებულ სკოლებში გადასასვლელად და შემდგომ თანამშრომლობს ამ სკოლებთან, მონიტორინგს უწევს გადასულ მოსწავლეებს. დიმიტრი შაშკინმა პედაგოგებს მადლობა გადაუხადა იმ ძალისხმევისა და მზრუნველობისთვის, რასაც ამ ბავშვების მიმართ იჩენენ, მინისტრმა მათი პრობლემებიც მოისმინა და შესაძლებლობის ფარგლებში მხარდაჭერა აღუთქვა.