მინისტრმა ელჩს მოკლედ გააცნო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებული ვითარება და მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ალექსანდრე ჯეჯელავამ ისაუბრა წარმატებულ თანამშრომლობაზე ბრიტანეთის საბჭოსთან და ხაზგასმით აღნიშნა ბრიტანული მხარის დახმარების თაობაზე ინგლისური ენის პოპულარიზაციის, მასწავლებელთა გადამზადებისა და ინკლუზიური განათლების განვითარების მიმართულებით.
ელჩმა კმაყოფილება გამოთქვა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მონაწილეობას მიიღებს დიდ ბრიტანეთში დაგეგმილ „განათლების მსოფლიო ფორუმის“ ღონისძიებებში, სადაც ალექსანდრე ჯეჯელავას განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამედროვე ტენდენციებისა და მიღწევების გაცნობის გარდა, შესაძლებლობა ექნება შეხვდეს კოლეგა მინისტრებს, სამეცნიერო და ტექნოლოგიური სფეროს წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელებს. ვიზიტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია ბრიტანეთის საბჭოს დირექტორატთან შეხვედრა.
ალექსანდრე ჯეჯელავამ მადლობა გადაუხადა ჯასტინ მაკენზი სმიტს მიწვევისთვის და იმედი გამოთქვა ვიზიტის შედეგად, ორმხრივი თანამშრომლობა მხარეებს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში კიდევ უფრო გაღრმავდება.