საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევით, ჩვენი ქვეყნის მეცნიერები, მკვლევარები, ინოვატორები პირველად ჩაერთნენ ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამაში - ჰორიზონტი 2020 და უკვე სერიოზულ წარმატებებსაც მიაღწიეს. პროგრამა გარდა მეცნიერებისა და მკვლევარებისა, უნივერსიტეტებს, კვლევით დაწესებულებებს, მცირე და საშუალო საწარმოებს, ბიზნეს კომპანიებს, სამთავრობო დაწესებულებებს და ა.შ. აძლევს საშუალებას მოიზიდონ ასი ათასობით ევროს საგრანტო დაფინანსება, განახორციელონ კვლევები საქართველოში, უმასპინძლონ დამწყებ თუ გამოცდილ მკვლევარებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, ხორცი შეასხან სამეცნიერო და ინოვაციურ იდეებს და გააძლიერონ კვლევითი ცენტრები საქართველოში.
ქართველი მეცნიერებისათვის მეტი მხარდაჭერის მიზნით, საერთაშორისო კომფერენცია გაიმართა, რომელიც ევროკავშირის პროგრამა ჰორიზონტი 2020 ერთ-ერთ მიმართულებას „მარია სკლოდოვსკა-კიურის აქტივობებს“ მიეძღვნა. პროექტის მიზანია მხარი დაუჭიროს ქართველი მეცნიერების გადამზადებას, მათ კარიერულ განვითარებას, რათა მაქსიმალურად გამოიყენონ თავიანთი პოტენციალი. კომფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, ევროკომისიის განათლებისა და კულტურის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ბოდო რიხტერი და ევროკომისიის კვლევების აღმასრულებელი სააგენტოს განყოფილების უფროსი გაბრიელა კირა.