საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 18-20 იანვარს ჩატარდება Worldskills Georgia-ს მესამე ეროვნული შეჯიბრება 6 პროფესიულ უნარში: გრაფიკული დიზაინი, ვებდიზაინი, საპარიკმახერო საქმე, სამზარეულო საქმე, საკონდიტრო საქმე და სარესტორნო სერვისი.
სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის საქართველოს ეწვია პროფესიული უნარების საერთაშორისო შეჯიბრის - Worldskills-ის პრეზიდენტი საიმონ ბართლი, რომელმაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან ალექსანდრე ჯეჯელავასთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ეროვნული შეჯიბრების გახსნის ცერემონიაში. გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს და კონკურსის მონაწილეებს წარმატებები უსურვეს საქართველოს მთავრობის წევრებმა, პარლამენტარებმა, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
WorldSkills Georgia-ს მესამე ეროვნულ შეჯიბრებაში პროფესიული კოლეჯების სტუდენტები ორი დღის განმავლობაში შეეჯიბრებიან ერთმანეთს პროფესიულ უნარებში. გამარჯვებული ექვსი ახალგაზრდა 20 იანვარს გამოვლინდება. ისინი მონაწილეობას WorldSkills-ის 44-ე საერთაშორისო შეჯიბრებაში მიიღებენ, რომელიც 2017 წლის 14-19 ოქტომბერს აბუ-დაბიში გაიმართება.
საქართველო Worldskills-ის საერთაშორისო ორგანიზაციასთან 2012 წლიდან თანამშრომლობს და ქვეყნის გუნდმა უკვე ორ საერთაშორისო შეჯიბრებაში მიიღო მონაწილეობა.
WorldSkills -ის ეროვნულ და საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობა ხელს უწყობს პროფესიული განათლების პოპულარიზაციასა და ინტერნაციონალიზაციას, ქართველი ექსპერტების მიერ უახლესი ტენდენციების იმპორტს საქართველოში, რაც თავის მხრივ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას განავითარებს.