საჯარო და კერძო სკოლების დირექტორთა საბჭოს წევრებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა თბილისის 175-ე საჯარო სკოლაში გაიმართა. სხდომა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გახსნა და საბჭოს წევრებს მთავრობის ახალი ინიციატივა გააცნო, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და ხელშეწყობას გულისხმობს. შემდეგ საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები წარმოადგინეს, გაიმართა მსჯელობა თითოეულ მათგანზე და მათი გადაჭრის გზებზე.
საბჭოს თითოეული წევრი სხდომაზე წარმოადგენს კონკრეტული ქალაქის ან, რაიონის სკოლებს და შესაბამისად, საბჭოს წინაშე აყენებს ზოგად პრობლემებს ან შეთავაზებებს, რაც სკოლის განვითარებას, მასწავლებელთა და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას ემსახურება და საბოლოოდ, სწავლა-სწავლების ხარისხზე აისახება.