30.03.2010
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას ეწვია, სადაც საჯარო სკოლების მანდატურთა პირველი ნაკადი ორკვირიან ტრენინგს გადის. მათ აკადემიის პროფესორ-მასწავლებლები თეორიულ მასალასთან ერთად, პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს აცნობენ და ფსიქოლოგიურ ტესტებს უტარებენ.
მინისტრთან ერთად მანდატურების სწავლების პროცესს მასწავლებლები და მოსწავლეებიც გაეცნენ. მათ ცალსახად აღნიშნეს, რომ სკოლის უსაფრთხოების დაცვისთვის აუცილებელია მანდატურის ინსტიტუტის შემოღება. მანდატურების სკოლებში შესვლით გარანტირებული იქნება როგორც მოსწავლის, ასევე მასწავლებლის უსაფრთხოება, მოხდება დანაშაულის პრევენცია, ასევე საჭიროების შემთხვევაში მოსწავლეებისთვის ფსიქოლოგიური დახმარების აღმოჩენაც. მოსწავლეებიც და მასწავლებლებიც მანდატურების სწავლების პროცესის გაცნობით კმაყოფილები დარჩნენ.
15 აპრილიდან, მანდატურები თბილისის ათ საპილოტე სკოლაში შევლენ. ეს იქნება სამკაციანი ჯგუფი, დაკომპლექტებული ერთი ქალბატონისა და ორი მამაკაცისაგან. ამერიკული პროგრამის ფარგლებში, ყველა მანდატური სპეციალურ მომზადებას გაივლის და მათი მოვალეობა სკოლის შიდა განაწესის დაცვა იქნება.
მანდატურის ინსტიტუტის შემოღება უსაფრთხო სკოლის ერთ-ერთი კონპონენტია. მას სკოლაში კონფლიქტების, დანაშაულის პრევენცია და ბავშვებისთვის ყველა სახის დახმარების გაწევა ევალება.
მანდატურების ფუნქცია მოსწავლეების უსაფრთხოებაზე ზრუნვაა. ისინი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ექვემდებარებიან და არ აქვთ უფლება სადამსჯელო ღონისძიებები განახორციელონ.
სკოლის მანდატურები საინფორმაციო ტექნოლოგიებით აღჭურვილ, საგანგებოდ მათთვის გამოყოფილ ოთახებში განთავსდებიან და ვიდეო-კამერებით გააკონტროლებენ სკოლის შიდა და გარე პერიმეტრს, ასევე ექნებათ სპეციალური ფორმა და თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებები.
მანდატური ვალდებულია კონფლიქტური სიტუაცია შეაფასოს და ცალკეულ შემთხვევაში, დირექტორს რეაგირება მოსთხოვოს. სიტუაციის დაძაბვის შემთხვევაში, შეუძლია საქმის კურსში მშობელი ჩააყენოს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსაც აცნობოს. უკიდურეს შემთხვევაში მანდატურს უფლება აქვს პატრული გამოიძახოს.
სამინისტროს ახალი ინიციატივის მიზანია სწავლის პერიოდში მშობლებს შვილების უსაფრთხოების სრული გარანტია ჰქონდეთ.