ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის არქეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებმა კობა კობერიძემ, სულიკო კოხრეიძემ, დავით ნასყიდაშვილმა, დავით გაგოშიძემ, ბორის გელაშვილმა, თამარ ლეჟავამ და ალექსანდრე ჭუმბურიძემ, ექსპედიციის ხელმძღვანელთან პროფესორ ვახტანგ ლიჩელთან ერთად, კუნძულ კვიპროსზე ქართულ კვალს მიაკვლიეს. ექსპედიციის წევრებმა თითქმის მთლიანად შეისწავლეს XIV-XVI საუკუნეების ეკლესია და მის გარშემო გამართული 14 სამარხი. აქვე არის აღმოჩენილი გაცილებით ძველი, XII-XIII საუკუნეების ფრაგმენტებიც, რაც ზუსტად ემთხვევა ქართველთა აქტიური მოღვაწეობის ხანას კვიპროსზე. ახალგაზრდა არქეოლოგების მიერ აღმოჩენილმა არტეფაქტებმა მნიშვნელოვანად გაამდიდრა ჩვენი პატარა ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ისტორია.