30.01.2017
მარნეულის რაიონის სოფელ დიოკნისის მოსწავლეები ახალი სასწავლო სემესტრიდან თანამედროვე სტანდარტების ახალ სკოლაში აგრძელებენ სწავლას. სკოლა დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
მარნეულის რაიონის სოფელი დიოკნისი 90-იან წლებში მთიანი აჭარიდან ჩამოსული მოსახლეობით არის დასახლებული, სოფელში სკოლა არ არსებობდა და 70-მდე მოსწავლე ორი ათეული წელი კერძო სახლში განთავსებულ სახელდახელოდ მოწყობილ საკლასო ოთახებში სწავლობდა. 2013 წელს სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ერთობლივი დაფინანსებით, სოფელში ხის კოტეჟი აიგო, სადაც გაგრძელდა სასწავლო პროცესი.
2016 წელს კი, დასრულდა ახალი სკოლის მშენებლობა, რომელიც 150 მოსწავლეზეა გათვლილი. ახალ სკოლაში ყველაფერია, რაც ევროპული სტანდარტების სკოლას შეესაბამება – თანამედროვე გათბობის სისტემა, ბიბლიოთეკა, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო კლას–კაბინეტები, ექიმის კაბინეტი, დიდი ლამაზი საკლასო ოთახები ახალი სასკოლო მერხებითა და დაფებით, ღია სპორტული მოედანი, სპორტული დარბაზი, სკოლა ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის და აღჭურვილია სპეციალური პანდუსებითა და ლიფტით.