საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ევროკომისიის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების დირექტორატის გენერალურ დირექტორს, კრისტიან დანიელსონს და ევროკომისიის მაღალი რანგის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის დასაწყისში მინისტრმა მოკლედ მიმოიხილა განათლების და მეცნიერების მიმართულებით საქართველოში არსებული ვითარება და ევროკომისიის წარმომადგენლებს ამ სფეროების განვითარების პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო.
კრისტიან დანიელსონი დაინტერესდა სისტემაში არსებული გამოწვევებით და იმ კონკრეტული გეგმებით, რომელთა განხორციელებასაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გეგმავს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკომისიისთვის განათლების სფერო პრიორიტეტულია.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს ევროკომისიის რეგიონალური მნიშვნელობის ინიციატივებზე. კერძოდ, საქართველოში ევროპული სკოლის დაარსების თაობაზე, სადაც ქართველ მოზარდებთან ერთად, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მოსწავლეებიც შეძლებენ სწავლას.
შეხვედრის ბოლოს, კრისტიან დანიელსონმა მადლობა გადაუხადა ალექსანდრე ჯეჯელავას ინფორმაციული შეხვედრისთვის და განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოხატა.