გორის რაიონის სოფელ ზერტის საჯარო სკოლის მოსწავლეები სწავლას თანამედროვე სტანდარტების სკოლაში აგრძელებენ. სკოლას, რომლის რეაბილიტაციაც ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებში განხორციელდა, განათლებისა დ მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ჯენერ ედელმანი ეწვივნენ.
მინისტრი ადგილზე გაეცნო სკოლის განახლებულ ინფრასტრუქტურას და მოინახულა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის გრანტის ფარგლებში აღჭურვილი, თანამედროვე, მულტიფუნქციური საბუნებისმეტყველო ლაბორატორიაც. ზერტის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 3850 კვადრატულ მეტრს. ამჟამად, აქ 379 მოსწავლე სწავლობს, ხოლო რეაბილიტაციის შედეგად შესაძლებელია, სკოლამ 425 მოსწავლე მიიღოს.
ამ ეტაპისთვის, ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა, საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში, პირველი სარეაბილიტაციო სეზონის შედეგად, 12 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია დაასრულა, რის შედეგადაც 3 500-ზე მეტი მოსწავლის სასწავლო გარემო გაუმჯობესდა.
პირველი სარეაბილიტაციო სეზონის განმავლობაში, სულ 30 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია ხორციელდება მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში. მთლიანად, კომპაქტის ფარგლებში, დაგემილია 100–მდე საჯარო სკოლის რეაბილიტაცია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.