საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენა გაიხსნა, სადაც საქართველოს უნივერსიტეტები მსოფლიოს 100-მდე საგანმანათლებლო დაწესებულებასთან ერთად, სტუდენტებს, აბიტურიენტებს და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამას, სწავლის დაფინანსების შესაძლებლობებს, სტიპენდიებსა და გრანტებს სთავაზობენ.
წელს პირველად, საგანმანათლებლო გამოფენაში პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები იღებენ მონაწილეობას. სამი სახელმწიფო პროფესიული კოლეჯი: „სპექტრი“, „იკაროსი“ და „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“, მათთვის განკუთვნილ საგამოფენო სივრცეში ტურიზმის, საინჟინრო და ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულების პროგრამებს წარმოადგენენ.
ზემოაღნიშნული კოლეჯების სტუდენტები, ორი დღის განმავლობაში, პროფესიული პროგრამების შესაბამისად, ბარმენების შოუს, შესადუღებელი აპარატებისა და ხელის მობილური ინსტრუმენტების გამოყენების სიმულაციურ პროცესსა და ინოვაციური 3D პრინტერის დახმარებით მოდელირებულ ციფრულ გამოსახულებებს წარმოადგენენ, ასევე გაიმართება პროფესიული განათლების შესახებ საიმიჯო კლიპების ჩვენება და პროფესიული სტუდენტების მიერ სამგანზომილებიანი, კომპიუტერულ გრაფიკაში შესრულებული ნამუშევრების პრეზენტაცია.