„ინკლუზიური განათლების ხელმისაწვდომობის“ პროგრამის ფარგლებში, თბილისის მერია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეების ადაპტირებული ტრანსპორტით უზრუნველყოფას აგრძელებს. ამ მიზნით, მერიამ დამატებით ოთხი ახალი ადაპტირებული მიკროავტობუსი შეიძინა. დედაქალაქის მერიამ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად, 11 საჯარო სკოლა შეარჩია, რომლებსაც აღნიშნული მიკროავტობუსები მოემსახურება. ადაპტირებული ტრანსპორტი დღეს, თბილისის მერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ და საკრებულოს თავმჯდომარემ მე-60 საჯარო სკოლას გადასცეს.
ამ ეტაპზე, ადაპტირებული ტრანსპორტი თბილისის მე-4, 130-ე, 107-ე, 117-ე, 21-ე, მე-60, 71-ე, 138-ე და 191-ე საჯარო სკოლების ეტლითმოსარგებლე და გადაადგილების პრობლემის მქონე 50 მოსწავლეს ემსახურება.
თბილისის მერიამ მოსწავლეების ადაპტირებული ტრანსპორტით უზრუნველყოფა 2016 წელს დაიწყო. სამომავლოდ დამატებით კიდევ 2 მიკროავტობუსის შეძენა იგეგმება, რაც შშმ პირთა მობილურობას კიდევ უფრო აამაღლებს და სასწავლო პროცესში ჩართულობის ხარისხს გაზრდის. მიკროავტობუსების ტრანსპორტირებისა და ექსპლუატაციის ხარჯებს თბილისის მერია სრულად უზრუნველყოფს.
პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეების დამოუკიდებელ და უსაფრთხო გადაადგილებასა და სასწავლო პროცესში მათ აქტიურ ჩართულობას.