საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ „თავისუფალი გაკვეთილების“ ახალი, მაშტაბური პროექტი დაიწყო, რომელიც განათლების ხარისხის ამაღლებას, მოსწავლეთა სწავლისადმი მოტივაციის ზრდას, არაფორმალური განათლების შესაძლებლობების გაფართოებას, საინტერესო და სახალისო სასკოლო ცხოვრებას შეუწყობს ხელს.
თავისუფალი გაკვეთილები გულისხმობს - მოსწავლის ინტერესებზე მორგებულ კლასგარეშე/არაფორმალური აქტივობების ციკლს, რომლის შინაარსი და სწავლების მეთოდოლოგია განსხვავდება ტიპიური საგაკვეთილო პროცესისაგან, არ ითვალისწინებს საშინაო დავალებების მომზადებას, მოსწავლის შეფასებას და მოსწავლეებს და მასწავლებლებს შემოქმედებითი აქტივობის და იდეების რეალიზების საშუალებას აძლევს.
აქტივობებისთვის, პროგრამის ფარგლებში, განისაზღვრა შემდეგი მიმართულებები: სპორტული აქტივობები; წიგნიერების განვითარება; კულტურა/ხელოვნება; ინტელექტუალურ-შემეცნებითი აქტივობები.
თავისუფალი გაკვეთილები დაფინანსდება სამინისტროს მიერ გაცემული გრანტის ფარგლებში, რომლის მიმღები იქნება სკოლა. ერთ სკოლაზე გაცემული გრანტის მაქსიმალური ოდენობა არაუმეტეს 3 000 ლარს შეადგენს, რომელიც განაწილდება მასწავლებლების შრომის ანაზღაურებაზე, დირექცია/ადმინისტრაციის შრომის ანაზღაურებასა და პროექტების განსახორციელებლად საჭირო რესურსებზე.
2017 წელს “თავისუფალ გაკვეთილებში” ჩართულები იქნებიან VII-VIII კლასის მოსწავლეები. სპორტული მიმართულების ფარგლებში წარმოდგენილ პროექტებში აქტივობები გაწერილი უნდა იყოს არაუმეტეს 40 საათზე, ხოლო დანარჩენ მიმართულებებში-არაუმეტეს 20-20 საათისა.
სრულფასოვნად ამოქმედებამდე რამდენიმე კვირაა 15-მდე სკოლაში პროექტი საპილოტე რეჟიმში მიმდინარეობს. ერთ-ერთია 157-ე საჯარო სკოლა, აქ პილოტირების რეჟიმში ტარდება თავისუფალი გაკვეთილები პროგრამირებაში და მოსწავლეები შეისწავლიან პროგრამირების საფუძვლებს. მოსწავლეებმა გაკვეთილებზე შექმნეს სხვადასხვა კომპიუტერული გმირები, გააკეთეს გიფები და საგაკვეთილო ციკლის დასრულების შემდეგ შექმნიან საკუთარ კომპიუტერულ თამაშს. კურსს ატარებს სკოლის ისტის მასწავლებელი, პროექტის პარტნიორი ორგანიზაციებია Microsoft საქართველო, Educare Georgia.
საქარეთველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად მივიდა სკოლაში და გაკვეთილის მიმდინარეობს გაეცნო.