დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური თბილისის 198-ე საჯარო სკოლის დაუნის სინდრომის მქონე მოსწავლეებს ეწვია და მათთან ერთად, ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
198-ე საჯარო სკოლაში 170-მდე მოსწავლე სწავლობს, მათგან 10% სოციალურად დაუცველია, დანარჩენი 90% კი, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონეა. მათ შორისაა დაუნის სინდრომის მქონე მოზარდები. სკოლის მთავარი პრიორიტეტია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს საზოგადოებაში ადაპტაციისა და ინტეგრაციისათვის აუცილებელი უნარჩვევები მისცეს. აქედან გამომდინარე, სკოლის მულტიდისციპლინარულ გუნდს შემუშავებული აქვს თითოეულ მოსწავლეზე მორგებული განვითარების ინდივიდუალური სწავლების გეგმა.
სკოლაში ფუნქციონირებს ლეგოტეკა-სათამაშოების ბიბლიოთეკა, თამაშთერაპიის ოთახი, შრომის კაბინეტი, ფსიქო-სოციალური ლაბორატორია, ყოფითი უნარების შესასწავლი კაბინეტი, ადაპტირებული სასადილო და ღია ტრენინგ-ცენტრი. მოსწავლეები ჩართულნი არიან სხვადასხვა საინტერესო პროექტებში. აქტიურად ეუფლებიან შრომით უნარ-ჩვევებს.