პროფესიული კოლეჯის „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია“ ვებ-დიზაინისა და ვებ-დეველოპერის სპეციალობის 8 კურსდამთავრებულმა კომპანია „ვებ ჰაუსი“ დაარსა. კომპანია წარმატებით ფუნქციონირებს და მასთან, სხვადასხვა მიმართულების ბევრი კომპანია თანამშრომლობს. „ვებ ჰაუსმა“ მოკლე პერიოდში არაერთი პროექტი განახორციელა, მათ შორის შექმნა ახალი საიტი თავად „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიისთვის“, „სანო სტუდიისთვის“, რამდენიმე იურიდიული კომპანიისთვის. ახალგაზრდები ამჯერად მუშაობენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს საიტის შექმნაზე.
„ვებ ჰაუსის“ წარმომადგენლები მშობლიურ კოლეჯთან თანამშრომლობას აგრძელებენ, უახლოეს მომავალში „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიასთან“ შეთანხმების გაფორმებასაც გეგმავენ, რომლის ფარგლებშიც, შესაბამისი მიმართულების სტუდენტები კომპანიაში სტაჟირებას გაივლიან. კოლეჯთან ერთად განხორციელდება სხვადასხვა საინტერესო პროექტი. ახალგაზრდები ასევე გეგმავენ კომპანიის გაფართოებას და კოლეჯის წარმატებული კურსდამთავრებულთა დასაქმებას.