განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით გამოფენა გაიხსნა სახელწოდებით „საქართველოს ევროპული ისტორიის ფურცლები“.
ღონისძიების მიზანი იყო საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაენახა, რომ საუკუნეების მანძილზე საქართველოსა და ევროპას მჭიდრო კავშირი ქონდა. ამის უტყუარი და საუკეთესო დასტური კი სწორედ, ხელნაწერი მემკვიდრეობაა, რომელიც ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში იყრის თავს.
საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ერთ-ერთ მონაკვეთს, ყოველთვის მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა სხვა ხალხებთან, ქართული კულტურა არასდროს ყოფილა იზოლირებული და ჩაკეტილი. საქართველოს სახელმწიფო და ქართველი ხალხი თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე დასავლეთისკენ ისწრაფოდა, რაც გამოიხატებოდა როგორც მათ საზოგადოებრივ წყობაში - ფეოდალიზმში, ასევე იმ ინტერესში, რასაც ქართველი ხალხი ევროპული მიღწევებისა და ევროპული ნააზრევის მიმართ იჩენდა. ევროპელი მოგზაურების მიერ დატოვებული საქართველოსა და ქართველების მრავალრიცხოვანი აღწერილობებიც ამის დასტურია.
წერილები, ჩანაწერები, ფოტოები, ხელნაწერები ეს არის ქართველი ხალხის ევროპასთან ურთიერთობის ამსახველი წერილობითი ძეგლები, სწორედ ეს მასალა იქნა წარმოდგენილი გამოფენაზე, როგორც ფოტოების, ისე, ორიგინალი ხელნაწერების სახით.
აღსანიშნავია, რომ გამოფენა, რომელიც თბილისში გაიხსნა რამდენიმე რეგიონს მოივლის: ქუთაისი, ფოთი, ოზურგეთი, ბათუმი, ზუგდიდი, მესტია, თელავი, გორი (უფლისციხე), ბორჯომი. ყოველ მორიგ საგამოფენო ქალაქში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს სალექციო შეხვედრას. ლექციას გაუძღვებიან ცენტრის მეცნიერი თანამშრომლები.