საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, ორდღიანი „ჰაკათონი“ დაიწყო, რომელშიც ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური იდეის პროტოტიპების შექმნის მიზნით, პროფესიული სასწავლებლების სტუდენტური ჯგუფები იღებენ მონაწილეობას. შეჯიბრი გახსნა და მონაწილეებს წარმატება უსურვა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
„ჰაკათონი“ ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანების შეჯიბრი და კარგი იდეების რეალიზების, თვითგამოხატვის, ჯანსაღი კონკურენციისა და ინოვაციური პროექტების შექმნის საშუალებაა.
1-2 აპრილს ორგანიზებული ჰაკათონი ორ საფეხურს მოიცავს: სტუდენტები მუშაობენ იდეების გენერირებაზე (კრეათონი), საუკეთესო იდეის მქონე გუნდი გადადის მეორე ეტაპზე სადაც, იქმნება იდეის პროტოტიპი ფაბლაბების გამოყენებით. 23 აპრილს იდენტიფიცირდება საუკეთესო ჯგუფი. პროექტის ფარგლებში მონაწილე გუნდები წარმოაჩენენ საკუთარ სასწავლებლებს და ეცდებიან მოიპოვონ საპრიზო ადგილები და ფულადი ჯილდოები, რომელსაც კერძო კომპანიები დააწესებენ.
„ჰაკათონის“ ოფიციალური გახსნის შემდეგ,
დაიწყო სამუშაო პროცესი, სადაც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს
წარმომადგენლებმა, მენტორებმა მონაწილე პროფესიულ სტუდენტებს გააცნეს
კონკურსის პირობები, ჩაუტარეს ტრენინგები და დახმარება გაუწიეს იდეების
გენერირებაში. მეორე ტურში გადასული გუნდები სამი კვირის განმავლობაში იმუშავებენ
იდეის განხორციელებაზე და 23 აპრილის, დასკვნით ღონისძიებაზე
წარმოადგენენ იდეის პროტოტიპს, რომლის ფარგლებშიც ჟიურის მხრიდან გამოვლინდება
გამარჯვებული გუნდი.