2013 წლიდან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის და ზოგადად, საქართველოს მთავრობისთვის, ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს პროფესიული განათლების სისტემის რეფორმირება, მისი დახვეწისა და განვითარების მიზნით. რეფორმის ფარგლებში, განსაკუთრებული მნიშვნელობა პროფესიული განათლების პოპულარიზაციას ენიჭება. მრავალფეროვნება, კეთებით სწავლება, სრული სახელმწიფო დაფინასება, თანამედროვე ინფრასტრუქტურა და აღჭურვილობა და მოკლე დროში დასაქმების შესაძლებლობა - ის მთავრი კომპონენტებია, რაც გამოარჩევს პროფესიულ განათლებას და ხდის მას საინტერესოს.
პროფესიული განათლების პოპულარიზაციის მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, თბილისის მერიის ორგანიზებითა და ქ. თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დაფინანსებით, პროფესიული განათლების ფესტივალი გაიმართა. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო საქართველოს მასშტაბით არსებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები და სისტემაში ჩართული საერთაშორისო ორგანიზაციები.
ღონისძიებაზე განხორციელდა ცალკეული აქტივობები - პროფესიულ სტუდენტთა თემატური კონკურსები, ბარმენების შოუ, ინოვაციური 3D პრინტერის დახმარებით, ციფრული გამოსახულებების მოდელირება და ასევე, პროფორიენტაციული ხასიათის, პროფესიათა მოსინჯვის აქტივობები ფესტივალის ვიზიტორთათვის.
ღონისძიება გახსნეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა და ქალაქ თბილისი მერის მოადგილემ ნინა ხატისკაცმა.