დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, 2016 წლიდან, დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამას ახორციელებს. პროგრამით გათვალისწინებულია სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯებში ჩარიცხულ სოციალურად დაუცველ დევნილთა მხარდაჭერა, კერძოდ, ტრანსპორტირების ან საცხოვრებელი ფართის ქირის ხარჯების ანაზღაურება. პროგრამა ითვალისწინებს კრიტერიუმებს, რომლითაც პროგრამის ადმინისტრირების მიზნით შექმნილი კომისია ხელმძღვანელობს.
საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი პროფესიულ კოლეჯში „მერმისი“, პროგრამის მონაწილე დევნილებს შეხვდნენ და მათ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს პროგრამასთან და ზოგადად, პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო მჭიდროდ თანამშრომლობს ყველა იმ სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯთან, სადაც პროგრამის პოტენციური ბენეფიციარები ირიცხებიან. პროგრამის შეუფერხებელი განხორციელების მიზნით, გაფორმდა მემორანდუმი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემასთან. აღნიშნულის საფუძველზე, ხდება ინფორმაციის დროული გაცვლა, რაც ხელს უწყობს პროგრამის წარმატებით განხორციელებას.