საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ,,სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობის ქვეპროგრამის“, ა(ა)იპ ,,ბერილუსისა“ და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს თანამშრომლობით, თბილისის 109-ე საბავშვო ბაგა-ბაღში ჩატარდა ბოშათა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო პროგრამის მოხალისეების მიერ მომზადებული პრეზენტაციები ბოშების ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, ბოშათა ყოფის დამახასიათებელი ნივთები, რომელიც დამზადდა ,,სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობის ქვეპროგრამის“ ფარგლებში, ბოშების ისტორიის შესახებ დამუშავებული ინფორმაციის გათვალისწინებით.
ღონისძიებაში ჩართულნი იყვნენ ბოშების თემატიკაზე მომუშავე საჯარო სკოლები, სკოლა- პანსიონები და საბავშვო ბაგა-ბაღები (თბილისის N36; N205; ხუთკუნჭულა; სოფელი არაგვისპირის საბავშვო ბაგა-ბაღები და მათ შორის ის საბავშვო ბაგა-ბაღები (თბილისის N156; N182; N202), რომლებიც ახლოს მდებარეობენ ბოშათა დასახლებებთან.
,,სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობის“ ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ხელს უწყობს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების - ბოშების საგანმანათლებლო პროცესში ჩართვას, საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებებში კეთილგანწყობილი გარემოს შექმნას და ბოშების მიმართ საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპული დამოკიდებულებების ჩანაცვლებას დადებითი განწყობებით. ღონისძიების შედეგად ბოშა მშობლებმა თბილისის 109-ე საბავშვო ბაგა-ბაღში მათი შვილების ჩარიცხვის სურვილი გამოთქვეს.