კომპანიამ ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, სასწავლო ცენტრი შექმნა, რომელსაც რეგიონის მასშტაბით ანალოგი არ გააჩნია. ცენტრი დღეს, კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ და ქალაქ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გახსნეს.
ცენტრი სამინისტროსთან ერთად, ყოველწლიურად ორიენტირებული იქნება მოამზადოს 60-მდე დარგის ინჟინერი და გადაამზადოს კომპანიის 400-ზე მეტი თანამშრომელი, დანერგოს სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგია და განახორციელოს ეფექტიანი სასწავლო პროგრამები, დარგობრივი კომპეტენციების ფარგლებში.
სასწავლო ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე სიმულაციური სივრცეებით, სასწავლო სტენდებით, ლაბორატორიებით და აუცილებელი ტექნიკური საშუალებებით, გააჩნია პოტენციალი ჩამოყალიბდეს დარგის განვითარებისთვის უალტერნატივო სასწავლო ბაზად, სადაც მონაწილეები გაიუმჯობესებენ თეორიულ ცოდნას და შეიძენენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს.
სასწავლო ცენტრის პროგრამების და სწავლების მოდულები დაფუძნებულია საუკეთესო ადგილობრივი და საერთაშორისო სასწავლო პრაქტიკაზე. მათ საფუძველზე, სასწავლო ცენტრში სპეციალისტებს მოამზადებენ, როგორც კომპანიის წარმომადგენელი დარგის ექსპერტები, ასევე მოწვეული წამყვანი სპეციალისტები.