20-21 აპრილს, საქართველო პირველად მასპინძლობს ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) რეგიონულ კვირეულს. 2017 წელს ევროპული კვლევების საბჭო (ERC) 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. საიუბილეო ღონისძიებების „ევროპული კვლევების საბჭოს ათი წელი: საუკეთესო მკვლევართა მხარდაჭერა ევროპაში“, ორგანიზატორები ევროპული კვლევების საბჭო და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდია. კვირეული დღეს კონფერენციით გაიხსნა, სადაც წარმოდგენილი იყო ERC-ის მიერ მხარდაჭერილი გამორჩეული პროექტები, რომლებიც ასახავენ ევროპული კვლევების საბჭოს ხედვას, განვითარებას, კომუნიკაციას საზოგადოებასთან, ინოვაციას. წარმოდგენილ პროექტებს შორის იყო მსოფლიო დონის ქართველი მეცნიერების გია დვალისა და ზაალ კოკაიას პროექტებიც.
ERC-ის კვირეული
მიზნად ისახავს: საქართველოს და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნების
მონაწილეობის გაზრდას ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) კონკურსებში, ღონისძიება დაეხმარება
მონაწილე ქვეყნებს გააძლიერონ მეცნიერების ინსტიტუციური მხარდაჭერა და წაახალისონ მათი აქტიური მონაწილეობა ევროპული
კვლევითი საბჭოს საგრანტო კონკურსებში. კვირეულის ფარგლებში, შეჯამდება ევროპული კვლევების
საბჭოს საქმიანობა და განიხილება ERC-ის პროგრამებში აღმოსავლეთის პარტნიორობის რეგიონის,
მათ შორის ქართველი მეცნიერების, მონაწილეობის გაფართოებისა და დაფინანსების შესაძლებლობები.