ინოვაციური იდეები და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარი ის პლათფორმაა, რომელიც განაპირობებს რეალურ შესაძლებლობას დასაქმებისა და თვითდასაქმებისათვის. სწორედ ამ შესაძლებლობების შექმნისა და განვითარების მიზნით, ვითარდება სამეწარმეო განათლება პროფესიული განათლების ფარგლებში, ამ მიზნით ჩატარდა ე.წ. „ჰაკათონიც“, რომლის ფარგლებშიც პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებმა საკუთარი ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური იდეის პროტოტიპები შექმნეს.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, 14 სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებელში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ლაბორატორიები (ფაბლაბები) ფუნქციონირებს, სწორედ ამ ფაბლაბების გამოყენებით დაამზადეს ფინალურ ეტაპზე გადასულმა სტუდენტურმა ჯგუფებმა იდეების პროტოტიპები.
ჰაკათონი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა. მისასალმებელია ახლაგაზრდების მიერ დაფუძნებული კომპანიის EUHACK-ისა და კერძო სექტორის ჩართულობა ამ პროცესში. კერძო კომპანიებმა: დამსაქმებელთა ასოციაცია, ფერმერთა ასოციაცია, გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში, ენერგო-პრო, თეგეტა მოტორსი და ბილაინი დააწესეს ჯილდოები წარმატებული გუნდებისათვის.
ჰაკათონის დასკვნით ეტპზე 9 გუნდი გადავიდა, მათ მიერ წარმოდგენილი იდეის პროტოტიპებიდან გამარჯვება მოიპოვა: „სმარტ რუკა’’-(გუნდი “Eternal”, კოლეჯი „სპექტრი“), „მოწყობილობა შშმ პირებისთვის“-(გუნდი „პანაცეა“, კოლეჯი „ოპიზარი“,), „ღვინის ბოთლის ინოვაციური შეფუთვა“-(გუნდი „თაიგული“, კოლეჯი „მერმისი“), „სამკურნალო მცენარეების საშრობი აპარატი“- (გუნდი „ეკო“, კოლეჯი „ოპიზარი“), „იდეა -სამზარეულოს მინი სათბური“-(გუნდი „Healthy“, კოლეჯი „„ბლექსი“), „დაცვის სისტემა“- (გუნდი „Nano”, კოლეჯი „ბლექსი“).