არაფორმალური განათლების ფარგლებში, წარმატებით მიმდინარეობს თავისუფალი გაკვეთილების ახალი, მასშტაბური პროექტი, რომელიც განათლების ხარისხის ამაღლებას, მოსწავლეთა სწავლისადმი მოტივაციის ზრდას, არაფორმალური განათლების შესაძლებლობების გაფართოებას, საინტერესო და სახალისო სასკოლო ცხოვრებას შეუწყობს ხელს.
თავისუფალი გაკვეთილები გულისხმობს - მოსწავლის ინტერესებზე მორგებულ კლასგარეშე/არაფორმალური აქტივობების ციკლს, რომლის შინაარსი და სწავლების მეთოდოლოგია განსხვავდება ტიპიური საგაკვეთილო პროცესისაგან, არ ითვალისწინებს საშინაო დავალებების მომზადებას, მოსწავლის შეფასებას და მოსწავლეებს და მასწავლებლებს შემოქმედებითი აქტივობის და იდეების რეალიზების საშუალებას აძლევს. აქტივობებისთვის, პროგრამის ფარგლებში, განისაზღვრა შემდეგი მიმართულებები: სპორტული აქტივობები; წიგნიერების განვითარება; კულტურა/ხელოვნება; ინტელექტუალურ-შემეცნებითი აქტივობები.
მე-7 და მე-8 კლასებში თავისუფალი გაკვეთილები სამინისტროს მიერ გაცემული გრანტის ფარგლებში დაფინანსდება, რომლის მიმღები იქნება სკოლა. ერთ სკოლაზე გაცემული გრანტის მაქსიმალური ოდენობა არაუმეტეს 3 000 ლარს შეადგენს, რომელიც განაწილდება მასწავლებლების შრომის ანაზღაურებაზე, დირექცია/ადმინისტრაციის შრომის ანაზღაურებასა და პროექტების განსახორციელებლად საჭირო რესურსებზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში თავისუფალი გაკვეთილების დაფინანსებაზე განაცხადების მიღება 31 მარტს შეწყდა. 1007 საჯარო სკოლიდან 2400-ზე მეტი განაცხადი შემოვიდა. პარალელურად მიმდინარეობდა განაცხადების განხილვა და დაფინანსება. 15 მაისისთვის უკვე ცნობილი იქნება დაფინანსებული პროექტები.
გორის მესამე საჯარო სკოლაში წიგნიერების თავისუფალი გაკვეთილის მიმდინარეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური დაესწრო.