მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისა და მოსწავლეებში კარიერის დაგეგმვისა და პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის მიზნით, სკოლებში კამპანია ,,ერთი დღე პროფესიაში“ დაიწყო. კამპანია მოიცავს ისეთ აქტივობას, როგორიცაა აქცია - „მოსწავლე მასწავლებელი“. აქციის ფარგლებში, სკოლებმა მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეებს შესთავაზეს სასურველ საგანში, შესაბამის თემაზე მოემზადებინათ და ჩაეტარებინათ გაკვეთილი თანაკლასელებისთვის ან, სხვა კლასის მოსწავლეებისთვის. აქციაში მონაწილეობის სურვილი საქართველოს სკოლების 700-მა მოსწავლემ გამოთქვა.
აქციაში ჩართულ თითოეულ მოსწავლეს საუკეთესო გაკვეთილის ჩატარების საშუალება ჰქონდა. მოსწავლეებმა წინასწარ გაკვეთილის ზოგადი გეგმა წარუდგინეს კლასის დამრიგებელს და შესაბამისი საგნის მასწავლებელს. სწორედ ისინი დაეხმარნენ მოსწავლეებს გაკვეთილის ორგანიზებაში. აქციაში მონაწილეობის უფლება ყველა მსურველ მოსწავლეს ჰქონდა, მიუხედავად აკადემიური მოსწრებისა.
თბილისის 51-ე და 37-ე საჯარო სკოლებში, მოსწავლეების მიერ ჩატარებულ გაკვეთილებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური დაესწრო.