პროექტის "ტაო-კლარჯეთის მწიგნობრული მემკვიდრობა" მიზანია ერთიან-ისტორიულ და კულტურულ კონტექსტში წარმოადგინოს საქართველოს ამ ისტორიული რეგიონის როლი იმჟამინდელი ქართული საზოგადოების კულტურული პროფილისა და ინტელექტუალური საქმიანობის განსაზღვრაში. მე-9-10 საუკუნეებში ამ რეგიონში შეიქმნა მძლავრი მწიგნობრული ცენტრები, სადაც მიმდინარეობდა როგორც ბერძნულ-ბიზანტიური მწერლობის საუკეთესო ნიმუშების გადმოღება, ასევე, ორიგინალური შემოქმედებითი პროცესები. საბოლოო ჯამში, ტაო-კლარჯეთის ლიტერატურულმა საქმიანობამ დიდად შეუწყო ხელი შუა საუკუნეების ქართული საზოგადოების ეთნო-კულტურული იდენტობის გაღრმავებას, რაც საფუძვლად დაედო საქართველოს პოლიტიკურ გაერთიანებას მე -10, მე-11 საუკუნეთა მიჯნაზე. კრებული, რომელიც პროექტის ფარგლებში გამოიცემა, საინტერესო იქნება საქართველოს ისტორიით დაინტერესებული ნებისმიერი მკითხველისთვის, განსაკუთრებით კი, სტუდენტებისა და მკვლევარებისთვის.