კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ნარკვევების კრებულს - “შუა საუკუნეების ქართული მწიგნობრობა ქრისტიანულ აღმოსავლეთსა და ბიზანტიაში” ამზადებს. ქართულ და ინგლისურენოვან ნაშრომში თანამიმდევრულად იქნება წარმოდგენილი ქართველთა მწიგნობრული საქმიანობის ისტორია უცხოეთის სამონასტრო კერებში (პალესტინა, სინას მთა, ათონი, კონსტანტინოპოლი, შავი მთა, პეტრიწონი); ნაშრომში ნაჩვენები იქნება, თუ როგორ ხდებოდა უცხოეთში მოღვაწე ქართველთა მიერ იმ იდეათა და ფასეულობათა ათვისება, რომლებიც აქტუალური იყო იმდროინდელ ქრისტიანულ სამყაროში, როგორ იქცეოდნენ ეს ფასეულობები ქართული ნაციონალური ლიტერატურისა და ზოგადად, აზროვნების ორგანულ ნაწილად.
კრებულში ყურადღება გამახვილებული იქნება, ასევე, უცხოეთის სამონასტრო კერებში ქარველთა საქმიანობის კულტურულ, ეთნიკურ და სოციალურ ასპექტებზე, რა ურთიერთკავშირი ჰქონდათ სხვადასხვა მწიგნობრულ კერებს ერთმანეთთან და საქართველოსთან, რა ურთიერთობები ჰქონდათ „უცხოობაში“ - მულტიკულტურულ და მულტილინგვურ გარემოში მოღვაწე ქართველ მწიგნობრებს სხვა ეროვნების წარმომადგენლებთან, რა გზებით ახერხებდნენ უცხო გარემოში ადაპტირებას და რა ზეგავლენას ახდემდა მათ სულიერ თუ ინტელექტუალურ განვითარებაზე ეს გარემო.
პროექტი დაფინანსებული სამინისტროს შოთა რუსთაველის სახელობის სამეცნიერო ფონდის გრანტის ფარგლებში.