განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მხარდაჭერით, საქართველოში პირველად, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ წესდება. ამ მიზნით, კოალიცია „განათლება ყველასათვის - საქართველოს“, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ არის გლობალური კამპანიის The Global Teacher Prize ნაწილი და მიზნად ისახავს წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას, საზოგადოებისთვის მათ წარდგენას და პროფესიის პოპულარიზაციას, გამარჯვებულთათვის ისეთი ჯილდოს გადაცემით, რომელიც მსოფლიოს ყველა მასწავლებელს გაუჩენს წარმატების სურვილს.
მემორანდუმის მიხედვით, მხარეები თანხმდებიან იმაზე, რომ პედაგოგთა დაფასება, დამსახურების აღიარება, დაჯილდოება და მათი ღვაწლის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა მნიშვნელოვანია პედაგოგის პროფესიის პრესტიჟის ზრდისა და პროფესიაში მეტი ღირსეული ადამიანის მოზიდვისათვის. ამ მიზნით, კოალიცია „განათლება ყველასათვის - საქართველოს“ ინიციატივით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან (TPDC) პარტნიორობით, იწყება მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის მოსამზადებელი სამუშაოები. აღნიშნულს უერთდება და მხარს უჭერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.