პირველად განათლების ისტორიაში, 5-6 წლის ასაკის ბავშვების სკოლისათვის მოსამზადებელი პროგრამა შეიქმნა. სასკოლო მზაობის პროგრამა თამაშით სწავლების მეთოდით, 5-6 წლის ასაკის ბავშვების სკოლისათვის მომზადებას ითვალისწინებს. იგი ხელს უწყობს ბავშვის მრავალმხრივ და სრულფასოვან განვითარებას, მოტორული, სოციალური, ემოციური, შემეცნებითი უნარების გამომუშავებას, კომუნიკაციისა და მეტყველების განვითარებას. პროგრამა უზრუნველყოფს ბავშვის სათანადოდ მომზადებას პირველი კლასის მოსწავლის მიმართ არსებული მოლოდინებისა და გამოწვევებისათვის. იგი ეხმარება თითოეულ მათგანს, მაქსიმალურად განივითაროს თავისი პოტენციალი და ჩამოუყალიბდეს საჭირო უნარ-ჩვევები მომავალი ცხოვრებისა და წარმატებულ მოქალაქედ ფორმირებისათვის.
სასკოლო მზაობის პროგრამა ითვალისწინებს 30 კვირის განმავლობაში დღეში სამ საათიან დატვირთვას და დანერგილია როგორც თბილისის, ასევე, რეგიონების საბავშვო ბაღების უფროსი ასაკის ჯგუფებში. პროგრამის ფარგლებში შექმნილია აღმზრდელის სახელმძღვანელო (გზამკვლევი), აქტივობების კრებული და ტრენინგ მოდული აღმზრდელ-პედაგოგებისათვის. ახლახან გამოიცა და უკვე მუნიციპალიტეტებს გადაეცათ სასკოლო მზაობის პროგრამის აქტივობების კრებულის მე-2 ნაწილი.