საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს გერმანიის მსოფლიო საერთაშორისო სისხლის სამართლის მაქს პლანკის ინსტიტუტის სამეცნიერო დელეგაცია ესტუმრა ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ ჰანს იორგ ალბრეხტის ხელმძღვანელობით.
გერმანელი სტუმრების ვიზიტთან დაკავშირებით რამდენიმე ღონისძიება გაიმართა. მათ შორის ერთობლივი საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „თანამედროვე ტექნოლოგიები, სისხლის სამართლის და კრიმინოლოგიის აქტუალური პრობლემები“, ასევე განხორციელდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და მაქს პლანკის ინსტიტუტს შორის საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის შესახებ ახალ მემორანდუმზე ხელმოწერა.
მაქს პლანკის ინსტიტუტი არის მსოფლიოში ცნობილი და აღიარებული სამეცნიერო ცენტრი, რომელიც აწარმოებს ფუნდამენტარულ კვლევებს სხვადასხვა ქვეყნის კრიმინოლოგიისა და სისხლის სამართლის აქტუალურ პრობლემებზე. გერმანელ და ქართველ მეცნიერ-იურისტებს შორის სამეცნიერო თანამშრომლობის ათწლეულების გამოცდილება არსებობს და ამაში უდიდესი ღვაწლი მიუძღვის აღნიშნული ინსტიტუტის დირექტორს, ჰანს იორგ ალბრეხტს, რომელიც თანამედროვე სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის მიმართულებით არაერთი კვლევისა და ნაშრომის ავტორია. აღსანიშნავია მისი წვლილი ქართველ და გერმანელ იურისტ-მეცნიერეთა თანამშრომლობის განვითარებასა და განმტკიცებაში, ქართული სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიური სკოლის რეფორმირებაში.