ახალციხეში, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის პროექტის „ბავშვთა მიმართ ძალადობა“ დასკვნითი-შემაჯამებელი ტრენინგი ჩატარდა. მონაწილეებს სერტიფიკატები განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა გადასცა. პროექტის მთავარი მიზანია ძალადობის პრევენცია, ბავშვზე ძალადობის შემთხვევების ამოცნობა, მათზე რეაგირება და რეფერირების პროცედურების განხორციელება. სამიზნე ჯგუფებს (ბენეფიციარებს) წარმოადგენენ მანდატურები მთელი საქართველოს მასშტაბით და ასევე, საქართველოს ისეთი საგანმანათლებლო დაწესებულებების (სკოლების) დირექტორის მოადგილეები/ დირექტორები, სადაც არ არის წარმოდგენილი მანდატურის სამსახური.
ბენეფიციარების გადამზადება ეტაპობრივად მიმდინარეობს. სატრენინგო კურსი მოიცავს თეორიულ მასალას ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებზე, ჯგუფთან მუშაობის პრინციპებს, თემატურად დაკავშირებულ ღონისძიებებს და აქტივიზატორებს. ტრენინგის ძირითადი თემებია: „ბავშვზე ძალადობის განმარტება და ფორმები“; „ძალადობა და კონფლიქტი“; ძალადობის გავრცელების ხელშემწყობი და დამცავი ფაქტორები“; „ძალადობის შედეგები“; ძალადობაგანცდილი ან ძალადობის რისკის ქვეშ მყოფი ბავშვის ფიზიკური, ქცევითი და ემოციური ნიშნების ამოცნობა“; „ძალადობა სკოლაში“; „სექსუალური ძალადობის და სექსუალური ექსპლოატაციის მსხვერპლი ბავშვი“; „ძალადობაგანცდილ ბავშვთან ურთიერთობის ძირითადი საკითხები“; „მულტიდისციპლინარული და მულტისექტორული თანამშრომლობა“; „ბავშვთა დაცვის რეფერირების პროცედურები საქართველოში“. ყოველი ტრენინგის ბოლოს ბენეფიციარებს უტარდებათ ტესტირება. ხოლო ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, მათ გადაეცემათ სერტიფიკატები. საქართველოს მასშტაბით პროექტის ფარგლებში 1539 დირექტორის მოადგილე/დირექტორი გადამზადდა.