საქართველოს ვიცე-პრემიერი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები, სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების პროექტის ფარგლებში, მოსწავლეთა სპორტულ ღონისძიებებს დაესწრნენ და პროექტის მიმდინარეობა შეაჯამეს.
მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და სპორტის პოპულარიზაცია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. შესაბამისად, საჯარო სკოლების ორგანიზებით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურისა და სპორტული ფედერაციების ჩართულობით, პროექტის ფარგლებში, ყოველკვირეულად, სპორტის სხვადასხვა სახეობაში 7 000-მდე აქტივობა იმართებოდა, რომელშიც 17 ათასამდე მოსწავლე იყო ჩართული.
თბილისის სკოლების ყველა საფეხურის მოსწავლეთა შემაჯამებელ სპორტულ ღონისძიებებში, აქტიური მონაწილება მიიღეს სპორტულმა ფედერაციებმა და მინისტრებმაც, რომლის დასრულების შემდეგ, სპორტული ფედერაციების წარმომადგენლებს, მხარდაჭერისთვის, სიგელები გადაეცათ.
მანდატურის სამსახური, უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფასთან ერთად, სპორტული ღონისძიებების ორგანიზებასა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის ხელშეწყობას, მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.