საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ამერიკის მშვიდობის კორპუსის მაღალი რანგის დელეგაციას და ამერიკის ელჩს საქართველოში იან კელის უმასპინძლა. მშვიდობის კორპუსის დელეგაცია წარმოდგენილი იყო დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის შეილა ქროულის ხელმძღვანელობით. დელეგაციის წევრებს შორის იყო თეთრ სახლში მშვიდობის კორპუსის წარმომადგენელი მეთ მაკკინი.
მშვიდობის კორპუსის დელეგაციასთან შეხვედრის მიზანი ჩვენი ქვეყნის საკვანძო პარტნიორებთან დიალოგი და ელჩთან ერთად, საქართველოში მშვიდობის კორპუსის მიმდინარე და მომავალი საქმიანობის განხილვა იყო.
ალექსანდრე ჯეჯელავამ ამერიკულ მხარეს განათლების სფეროში სხვადასხვა მიმართულებით დაგეგმილი რეფორმები გააცნო და ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა არსებული პრიორიტეტების შესახებ. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს განათლების სფეროში არსებული გამოწვევები და დასახეს სამომავლოდ კიდევ უფრო მჭიდროდ თანამშრომლობის გეგმები.